February 28, 2021

8. ვერცოდნის არცოდნა

გამარჯობა,
ხელის ჩამორთმევა...

სიტყვა სუნთქვით, ენით და იოგებით ჩნდება, ხელის მოქმედება − მკლავის და მაჯის კუნთებით. ეს დიდი ხანია, რაც ვიცით. როგორ ვარჩევთ სიტყვას ან ადამიანს, ვისაც ხელს ვართმევთ? აქ ცოტა გვიჭირს და გონებას ვიშველიებთ. 

გონების მისამართად ტვინს ვვარაუდობთ. ჩვენივე გონებას არცთუ ახლოს ვიცნობთ, მისი სამყოფელიც უფრო გარედან ვიცით, ვიდრე შინაგანად: როგორც უცხო მეზობელზე დაკვირვებისას ვხედავთ, რისი კეთების დროს რომელ ფანჯარაში ინთება სინათლე, რომელი ფარდა იწევა...

მეზობლობაში რაიმეს ცოდნის ნაკლებობას შესანიშნავად ავსებს ჭორები, ვარაუდები, მიყურადება... ასევე, თანდათან ჩვენს გონებასაც ვიცნობთ − ვლაპარაკობთ ცნობიერებაზე, სააზროვნო პროცესებზე, ქვეცნობიერებაზე, არაცნობიერზე, ინსტინქტ-იმპულსებზე... სინამდვილეში კი ძალზე ცოტა ვიცით იმაზე, თუ რა, როგორ თუ რისთვის ვიცით. 

უტყუარად ამ მხრივ ჯერ მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ ყველა უშუალოდ განცდილი ან დაკვირვებადი აზრი თუ გრძნობა უზარმაზარი აისბერგის მხოლოდ ზედაპირსზედა წვეტია, დანარჩენი კი სრულიად უცნობად რჩება.

უცნობის გასაცნობად კი ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეგვიძლია − ნაირნაირი ვარაუდები, კვლავ ანთებულ ფანჯრებზე დაკვირვება...

◇◈◇
სხვათა შორის, კითხვის ნიშნები მარტო თავში არ გვაქვს. ჩვენი არსებობის არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე ბურუსით მოცული: საკვების გადამუშავება.

ვიცით როგორია პირის ღრუს ტუტოვანი, კუჭის მჟავიანი გარემოს მოქმედება, მათ შემდეგ კი ყველაზე უფრო ექსცენტრულ კითხვის ნიშანზე უფრო ჩახვეული ნაწლავების ლაბირინთია, ოღონდ, როგორც წესი, იქ ავი მინოტავრის ან მოლოხის ნაცვლად ასიოდე ტრილიონი, საკმაოდ კაცთმოყვარე ბაქტერია ფუთფუთებს (ანუ, ჩვენი ნაწლავის ფლორა: რამდენიმე ასეული სახეობა, ჯამში 2 კილოგრამამდე).

ვიცით ამ კომპანიის ზოგადი დანიშნულება − ჩვენს საკვებს საბოლოოდ ისინი ამუშავებენ, აუცილებელ ნივთიერებათა უმეტესი ნაწილის ათვისებაც მათი მეშვეობით ხდება. მოკლედ, მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებთ.

ეს რა. თუ როგორ, ჩვენი ცოდნა ამმხრივაც მოიკოჭლებს. ის მცირედი, რაც კიდევ ვიცით, ერთობ დამაინტრიგებლად უსვამს ხაზს ჩვენს არცოდნას: ნაწლავის ფლორის ცხოველმოქმედების დინამიკა და საერთო მდგომარეობა როგორღაც დაკავშირებულია არა მხოლოდ საკვების მონელებასთან და ნივთიერებათა ცვლასთან, არამედ, ასევე ჩვენს გუნება-განწყობილებასთან, ხასიათთან და ზოგად შესაძლებლობებთანაც კი...
◇◈◇
ცივი ომის დროს საბჭოთა რეჟიმსა და დასავლეთს შორის შეჯიბრი სხვა მრავალ რამესთან ერთად, დედამიწის შესწავლაშიც (ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით) მიმდინარეობდა. აქ საბჭოელებმა „გაიმარჯვეს“, თუკი ეს სიტყვა შეესატყვისება კოლის ნახევარკუნძულზე დედამიწის გულისკენ გათხრილ 12 კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილს, რომელიც დღემდე ზედაპირიდან ყველაზე დიდი ღრმულია.

გაბურღვა თავდაპირველად 15 კილომეტრის სიღრმეზე ივარაუდებოდა, თუმცა, 12 კილომეტრის შემდეგ ტემპერატურა ნავარაუდევი 100°-ის ნაცვლად 180°-ს აღწევდა, თავი იჩინა სხვა სირთულეებმაც, რამაც საბოლოოდ ბურღვის შემდგომი გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

კოლის ჭაბურღილი დღეისთვის დალუქულია. ადამიანები კი ამ გზითაც დავრწმუნდით, როგორი თბილია დედამიწა, ასევე, გვაქვს მისი (სრულიად ამოუცნობი) ხმების ჩანაწერი 9 კილომეტრის სიღრმიდან: https://vimeo.com/80266870

დღემდე შთამბეჭდავად ჟღერს 12 კილომეტრის სიღრმე. ამ დროს, დედამიწის საშუალო რადიუსი 6371 კილომეტრია. რა ხდება ქვემოთკენ? ამ გზით (ბურღვით) ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ 0.19%-ით შევძელით.

რის შესახებაც დანამდვილებით ვიცით, დედამიწის „ქერქად“ წოდებული გრანიტ-ბაზალტოვანი შრეა. დანარჩენი კი მეტი ან ნაკლები სიზუსტით გაკეთებული ვარაუდებია. მხოლოდ მიწისძვრის ტალღებზე, ელექტრო-მაგნიტურ ველზე, თუ გრავიტაციაზე დაკვირვებით და მსგავსი არაპირდაპირი გზებით ვივარაუდეთ ქვედა შრეები − მანტიები, ბირთვები...
◇◈◇
ამ ყველაფრის პარალელურად, წარმატებით ვაკვირდებით მეზობელ გალაქტიკებს, ახალი ვარსკვლავის დაბადებებს, უცნაურ ნისლეულებს ისეთ წარმოუდგენლად დიდ მანძილზე, რომ სავსებით შესაძლებელია, დღეისთვის იქ და ისე არაფერი აღარ არსებობდეს.

ასევე გარკვეული წარმატებით ვქმნით და ვამოქმედებთ ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს, სანახევროდ ალალბედზე ვცვლით დნმ-ის სტრუქტურებს... ფონად კი ცხადზე ცხადი სინამდვილეა − დანამდვილებით ბევრი არაფერი (თითქმის არაფერი) ვიცით საკუთარი სახლის, თუნდაც საკუთარი თავის შესახებ. რაღა გასაკვირია და, არც მათი მოვლა-გაფრთხილება შეგვიძლია. ამ პირობებში ღრმა კოსმოსის თუ ხელოვნური ინტელექტის კვლევები სულ მცირე, კურიოზულია. სხვანაირად − ძაღლი შინ არ ვარგოდაო...

ცნობისმოყვარეობაზე, ახალი ცოდნის ძიებაზე და საერთოდ, მეცნიერებაზე უარყოფით კონტექსტში მსჯელობა ალბათ მხოლოდ ორ შემთხვევაშია სწორი: როცა ის ბოროტებას ემსახურება, დესტრუქციულია, და როცა ასე ძლიერ დაუბალანსებელია.

რაც ჩვენივე თავის (სულერთია, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიოლოგიურად) ან დედამიწის შესახებ დანამდვილებით ვიცით, ან რა ყურადღებას თუ რესურსებს ვუთმობთ მათ შესწავლას, უსამართლოდ ცოტაა დანარჩენ ძალისხმევასთან შედარებით, რაც მიმართულია კოსმოსისა თუ ნანოტექნოლოგიებისკენ, რომ არაფერი ითქვას იმ ყველა იმ ძალისხმევაზე, რომლებითაც ერთნაირად ვაზარალებთ ჩვენს თავს და ჩვენს სახლს.

December 12, 2020

7. ..ეს..მერე?..

 

XX საუკუნის ბოლო:

ახალგაზრდები ეხმარებიან ხანდაზმულებს ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში.

XXI საუკუნის დასაწყისი:

ხანდაზმულები ეხმარებიან ახალგაზრდებს ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში.

ხუმრობა(?) ხუმრობად.

ფაქტია, უფრო და უფრო მეტ ქალაქში ჩნდება სპეციალური საგზაო ნიშნები, ასვალტიდან მოციმციმე ნათურები ტროტუარის გასწვრივ თუ შეცვლილი „ზებრა“ გადასასვლელები მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩებში სიარულისას(აც) არ ვაცილებთ თვალს (ხშირად ყურსაც) ტელეფონის ეკრანს.

მკვეთრად იზრდება ტელეფონით გამოწვეული თავისა და კისრის დაზიანებები − წაფორთხიალება, დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევაც... 

ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გარეგნული მხარეა, უკვე იძლევა საკმარისზე მეტ საფუძველს ოპტიმისტური შეშფოთებისთვის თუ პესიმისტური დიაგნოზისთვის.

შინაგანად, შინაარსობრივად, რისი უბრალოდ „ქერქიც“ ზემორე გამოვლინებებია, ამ პოსტის მთავარი თემაა: ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების წამლეკავი ნაკადი.

წუთზე ნაკლებ დროში:

ბოლო პოსტი, 2 ახალი მოწონება

ეველინ ქოუსტი ახალი ალბომის გარეკანზე miTTusso-ს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა

თვეზე მეტია, ავსტრალიის ხანძრები უკოტნროლოდ იზრდება

გოგა, ნინი და 3 სხვა: ჩვენი უუუგემრიელესი დაბადების დღე

ტესლას ახალი დაჯავშნული ელქტროპიკაპის გაყიდვები პირველივე თვიდან უსწრებს ფორდის და ტოიოტას გაყიდვებს

ტატიანამ გააზიარა: ავტოავარია გარდაბანთან - აუ, საშინელი ხალხი ვართ რაა...

Partnership for Human Rights, 3K+ გამომწერი, A platform for organizations working on women's rights and women with disabilities was established in Georgia.

იულია ზივერტი: რა იყო სკანდალური? არაფერი მითქვამს გუშინ ისეთი, რაც ერთხელ მაინც არ მიმღერია

დავეხმაროთ პატარა ეკატერინეს, მას გადაუდებლად ესაჭიროება თურქეთში ოპერაცია

ჩინური ნაწარმი: გაიგე ყველაფერი აქ

ახალი წლის ასტროლოგიური პროგნოზი პირადად შენთვის

შენ ვიღა მიგდიხარ?! - დაპირისპირება სასამართლოში ავტოიმპორტიორების გახმაურებლ საქმეზე

Are opportunities important? Is an opportunity key to becoming successful in life and business? Here is a video: a perfect example of when given an opportunity anything is possible.

კონგოს ჩრდილოეთით მდებარე კობალტის მაღაროში მომუშავე ბავშვთა ნაწილი უკეთესი ყოფითი პირობების მოთხოვნით გაიფიცა.

შეუკვეთე ბრუტალინოს პიცა ახლავე და მიიღე გაორმაგებული swart ქულები vasa ბარათით ანგარიშსწორებისას!

სირიაში ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენება: ასადის რეჟიმი და ოპოზიცია კვლავ ერთმანეთს ადანაულებენ

ლითიუმ-პოლიმერის ახალი თაობის აკუმულატორი შენი სმარტფონისთვის: ნანოტექნოლოგია და 12%მდე მომატებული ტევადობა

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, გრძელდება ხაიშის ჰესების კასკადის მშენებლობა

მეგობრებო, რომელ კომპანიას გაუწევდით რეკომენდაციას, ვინც ამზადებს ისეთ ნივთებს, როგორიც გამოდგება საახალწლო საჩუქრად, მხოლოდ ახალი წლის თემატიკა არაა აუცილებელი

არცერთი კეთილი საქმე არ რჩება დაუსჯელი (სავარაუდო ავტორი: ოსკარ უაილდი).

ამ პირობებში სიმართლის ბედი კიდევ უფრო რთულადაა. თანაც, არცთუ იშვიათად (მთელი ჩვენი საამაყო ისტორიის განმავლობაში), სიმართლე ჩვენთვის იმთავითვე მტკივნეული, უხერხული, საშიში, მძიმე, მოკლედ − არასასურველი იყო, არის და, ალბათ, კიდეც იქნება.

სიმართლეს რახანია, ომი გამოვუცხადეთ − თემიდან მოკვეთა, ანათემა, ინკვიზიცია, ადამიანის დაწვა, წიგნების დაწვა, ცენზურა, აკრძალვები, კრიტიკა, ეტიკეტი, გართობის ინდუსტრია, რეიტინგი, აქციზების ფასები... მეთოდები თანდათან იხვეწება, თანდათანობით ნაკლებად ხმამაღალი და თვალშისაცემი, და უფრო რთულად ასარიდებელი ხდება. 

ინფორმაციის საუკუნეში კი რატომაც არა, მთავარი მეთოდი საუკუნის მთავარი იარაღია − ინფორმაცია, მთელი თავისი აურაცხელი რაოდენობით. მართლაცდა, რატომ უნდა ვებრძოლოთ იმას, რისი წალეკვის, გადაფარვის და გაუვნებელყოფების ასეთი შესანიშნავი იარაღი გვაქვს − გაუშვი, ხანდახან სიმართლე ითქვას; მთავარია, „კონტენტი“ მუდამ იქმნებოდეს და ახლდებოდეს, ნაკადი არ შენელდეს და დანარჩენი ფიზიოლოგიის საქმეა: ახალი შეტყობინების წკლაპუნზე და ზედა კუთხეში გამოჩენილ ციფრებზე პავლოვისეული რეფლექსებით უკვე ენდორფინების მცირ-მცირე რაოდენობები გამომუშავდება.

არც ის არის შემთხვევითი, რომ პრინციპში ყველა იმ პლატფორმას, რომლებიც ჩვენს ეკრანებზე ბინადრობენ, რატომღაც ძალიან მოუხერხებლად (სულაც, შეუძლებლად) აქვთ ამ წამლეკავ ნაკადში („ვოლი“, „ტაიმლაინი“, „ჰოუმი“...) ადრინდელი თარიღის მიხედვით რამის ძებნა. ვითომ მთლად კარგი პროგ... ბოდიში, დეველოპერები ვერ იპოვეს?

ამასობაში, უკვე ძალიან მივეჩვიეთ, რომ გაგებულ ამბავს (შთაბეჭდილებას) თანმდევად გააზრება და ქმედება კი არა, შემდეგი ამბის თუ შთაბეჭდილების მიღების მოთხოვნილება მოჰყვება, ამის დაუკმაყოფილებლობას − ძალიან საინტერესო შფოთვები.

მივეჩვიეთ სხვა რამესაც. შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის გადატვირთულ ნაკადში შიგადაშიგ მაინც წამოტივტივდება ხოლმე უსიამოვნო, მტკივნეული თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო ამბავი (თუნდაც ისეთი, ცხოვრების წესის თუ არა, რაღაც გეგმების შეცვლას მაინც რომ უნდა იწვევდეს). ამგვარი ამბები იმთავითვე არის განწირული გაუვნებელყოფისკენ − რაც ყურს უნდა გვჭრიდეს თუ გულს გვატკივებდეს, ძალაში ალბათ რამდენიმე წამი თუა − მანამ, სანამ შემდეგზე გადასვლის მოთხოვნილება არ გადაგვძალავს. უკვე მიჩვეულები ვართ არდასავიწყებლის დავიწყებას, გასათვალისწინებლის არგათვალისწინებას...

ვიდეოების ნახვის დრო (ნაწილი/სრულად) youtube-ს მაგალითზე

სხვადასხვა სტატისტიკებიდან კარგად იკვეთება, რომ დიაგრამის ამგვარი ფორმა არის ერთგვარი საშუალო და ეხება არა მხოლოდ ვიდეოებს − ასევე ტექსტებს, ვებ-გვერდებს, მუსიკას... ეს ფორმა ძალიან კარგად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ყველაფრისადმი − დასაწყისის მერე (პირველი რამდენიმე წამი, აბზაცი, წინადადება...) მალევე ვწყვეტთ და შემდეგზე გადავდივართ. მცირე ნაწილი თუ გასცდება მესამედს, სულ ბოლომდე კი კიდევ უფრო მცირე ნაწილი მივა (ამ შემთხვევაში ≈10%, საერთოდ კი, უფრო ნაკლები).

ცოტა ფორმალურად ამას ეკრანიდან მიღებული მომდევნო შთაბეჭდილების ადიქციოგენური ყურადღების დეფიციტი შეიძლება ეწოდოს. სოც. მედიაში გამოქვეყნებული მასალის სტანდარტიც შესაბამისად იცვლება − ვიდეოები 1 წუთზე ჩამოვიდა, მერე 30, 20 წამი... ასევე ტექსტებიც მცირდება, სურათად კეთდება... ვინღა უყურებს ან კითხულობს მეტს? ვეღარ ვითმენთ და რამე შემდეგზე გადავდივართ, სულერთია, რა მოსდევს. არ მოგვეწონება? შემდეგიც აქაა.

მოკლედ, მზესუმზირა უფრო ადვილად გაიხარებს ჩაბურული ჯუნგლების უმზეო მიწაზე, ვიდრე რამე სიმართლე მიაღწევს ჩვენს ტვინამდე შთაბეჭდილებების ამ ნაკადში.

ეს კი მათთვის, ვინც აქამდე კითხვა-კითხვით მოვიდა: ამ პოსტის ბოლო სემანტემა...

ანდა, სულაც  


July 10, 2020

6. კიდევ ეს გვინდოდა ადამიანებს?

ადამიანური ურთიერთობების, უფრო ზუსტად კი − ადამიანური ურთიერთობების ფორმების ისტორიაში არაერთი ასპექტით მჟღავნდება ჩვენი საერთო ისტორია და ის ცვალებადობები, რაც ტექნიკის განვითარების შედეგად ხდებოდა და ხდება.

ურთიერთობების ფორმების ისტორია ისტორიასთან (კლასიკური გაგებით) შედარებით კიდევ უფრო ბურუსით მოცული და გაუგებარია. თუმცა, უახლოესი წარსულისა და აწმყოს შედარება მაინც საკმარის მასალას იძლევა საფიქრალად.

ერთი მხრივ, იცვლება და ტექნოლოგიებით იჟღინთება ურთიერთობების ფორმები, ამასთანავე კი, უფრო და უფრო მცირდება ცოცხალი (უშუალო, რეალური, პირისპირ...) ურთიერთობების დრო. და, თავისთავად, ვიცვლებით ჩვენც. საითკენ − შეიძლება სადავოა, თუმცა, ალბათ მხოლოდ ცოტათი.

და იმ ხანაში, როცა დედამიწაზე თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ერთი მაინც სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია, როცა ბოლო რამდენიმე წელიწადში ამ „მოხმარებაში“ დახარჯული საშუალო დრო სულ მცირე, გაორმაგებულია, როცა ყოველი მეორე ადამიანი შესაბამისი ტელეფონითაცაა აღჭურვილი, ამ ცეცხლს საყოველთაო ცხოვრების წესში ერთი ვირუსით გამოწვეული ცვლილებები ნავთსაც ასხამს, თან, დაუზოგავი რაოდენობით.

ჯერ სახის დაფარვა გვიწევს, მერე ხელის ჩამორთმევასა თუ სხვა ფიზიკურ კონტაქტზე უარის თქმა, ჩვევაში გადაგვდის სხვა ადამიანებთან დაშორიშორება და შიში, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ თურმე ყველაფრის კეთება (სწავლა, მუშაობა, „ცოცხალ“ კონცერტზე ყოფნა, დეგუსტაცია, და, რაღა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობა) თურმე დისტანციურადაც შეგვიძლია, უფრო ზუსტად − ვირტუალურად, ტელეფონით ან კომპიუტერით.

ისე კი, ცნების „ვირტუალური“ ერთერთი ძირითადი განმარტება არის არარსებული.

მუქი სათვალეები ხომ აქამდეც გვიყვარდა. ახლა სახის არანაკლებ მეტყველი ნაწილის დაფარვასაც მივეჩვიეთ. იმ ბავშვებს, ვინც ამ პერიოდში დაიბადნენ, თავიანთი გარემოცვის უმეტესი ნაწილის ცნობა-დამახსოვრება პირბადეებით მოუწევთ. კიდევ ერთი არაადამიანური ანტიადამიანური აქტი.

არ არის ადვილი სათქმელი, სამომავლო პერსპექტივაში რა მხრივ უფრო დიდ ზიანს ვიღებთ − დროებით დაკარგული ჯანმრთელობებით და სამუდამოდ დაკარგული სიცოცხლეებით, თუ საყოველთაო გაუცხოების კიდევ უფრო გამძაფრებით და ჩვენი ერთერთი ყველაზე საშიში მავნე ჩვევებისა და ადიქციების სტაბილური, დადებითი განმტკიცებით.